წყარო: Reuters ; ავტორი: სუჯატა რაო და ჯეისონ ბუში
ახალი წლის და შობის პერიოდში ნავთობის ფასის დაცემა 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად კიდევ ერთ თავსატეხი დაემატება.
რუსეთში 10-დღიანი სადღესასწაულო დასვენების დროს, ჩინეთში აგორებულმა სავალუტო ალიაქოთმა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ბაზრებზე გამოიწვია რყევები. ლონდონის ბირჟაზე Brent–ის ნავთობის „ფიუჩერსების“ ფასები ბარელზე 32 დოლარამდე ჩამოვიდა, როდესაც დეკემბრის დასაწყისში იგივე ერთეული $45 ღირებულების იყო. ეს ნიშნული ახლოს არის Goldman Sachs-ის მიერ პროგნოზირებული ფასის - $20.
რუსეთში ნედლი ნავთობის ფასმა 2014 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო კლება, როდესაც ბარელის ფასი $100 იყო. რუსეთის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი და ექსპორტის 40% დამოკიდებულია სათბობ-ენერგეტიკული რესურსებზე. ნავთობის ფასების უკანასკნელი ვარდნა ემატება იმ პრობლემებს, რომელიც ვლადიმერ პუტინს წინ დახვდება 2018 წლის არჩევნებამდე.
იმის გამო, რომ სადღესასწაულო დღეებში ნაკლები ვაჭრობა შეიმჩნეოდა, რუბლმა მხოლოდ 2% ვარდნა განიცადა, მაგრამ გაცვლითი კურსი - 75 რუბლი ერთ დოლარზე არ არის იმდენად შორს 13 თვის წინანდელი რუბლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელისგან - 80.1 რუბლი ერთ დოლარზე.
მაშინ რუსეთმა გაამყარა ვალუტის ღირებულება საპროცენტო განაკვეთის 500 საბაზისო პუნქტით გაზრდით ერთ ღამეში. იმ შემთხვევაში თუ რუბლის ფასი კიდევ საგრძნობლად დაეცემა, მაშინ მოსალოდნელია მსგავსი ქმედების განმეორება, რაც გამოიწვევს ინფლაციის ზრდას და რეცესიის გახანგრძლივებას.
ყველაზე ცუდ შემთხვევაში (თუ ნავთობის ფასი შენარჩუნდება $30 ნიშნულზე ან კიდევ უფრო დაიკლებს), რუსეთის ხაზინა დაიცლება 1 წელიწადში და წლების განმავლობაში ნაგროვები ნავთობის ფულიდანაც არაფერი დარჩება.
საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმის მმართველი დირექტორის, ქრისტოფერ გრენვილის თანახმად, ამ წლის 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი გათვლილი იყო ნავთობის კონკრეტულ ფასზე -$50 ბარელზე.
თუმცა $30 ბარელზე ნიშნავს, რომ დეფიციტი გაიზრდება 5%-მდე ან უფრო მეტად. თუ ეს ასე მოხდა, პუტინს შეიძლება მოუწიოს გადასახადების გაზრდა და სახელმწიფო დანახარჯების საგრძნობლად შემცირება, რაც ეკონომიკურ რეცესიას კიდევ უფრო გააღრმავებს. ალტერნატივის სახით, მას მოუწევს ხაზინის კიდევ უფრო დაცარიელება. საერთაშორისო ობლიგაციების ბაზრებზე სესხის აღება ან პრივატიზაცია, თუმცა ნაკლებად მიმზიდველია პუტინისთვის.
დასავლური სანქციების ფონზე (რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საპასუხო რეაქციაა) ინვესტორების ინტერესი რუსეთის მიმართ ქრება, თუმცა სანქციები არ ზღუდავს რუსეთს სესხის აღებაში.
ორი სუვერენული ფონდი ნელ-ნელა იცლება. 2015 წლის დეკემბერში, ფონდში იყო $130 მლრდ, მაშინ როდესაც 2014 წლის შუა პერიოდში თანხა შეადგენდა $180 მლრდ-ს. რუსეთის მთავრობას ასევე ესაჭიროება ტრილიონი რუბლი, რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 1.2%, რომელიც საჭიროა ბანკ VEB-ის ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ბევრი რუსი დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს დასვენებების შემდეგ და აღმოაჩენს, რომ ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება. საჯარო მოხელეების ხელფასები „გაიყინება“ უკვე მესამე წლით, პენსიები არ გაიზრდება ინფლაციაზე მეტად, უცხოური პროდუქტები და უცხოეთში დასვენება კიდევ უფრო გაძვირდება.
ცხოვრების სტანდარტების გაუარესება ზოგიერთს აგონებს 1998 წლის ფინანსურ კრიზისს რუსეთში, როდესაც მოხდა დეფოლტი და რუბლმა დაკარგა საკუთარი ღირებულების ¾. „ისეთი შეგრძნებაა თითქოს 1998 წლის კრიზისი დაბრუნდა. ჩემი ხელფასის ღირებულება დოლარში განახევრდა და ამჟამად უფრო ნაკლებს ვშოულობ ვიდრე 1997 წელს“ - განაცხადა ელენამ, რომელიც მოსკოვში ჟურნალისტად მუშაობს (რომელსაც მისი გვარის მითითება არ სურდა)
ინვესტორები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი რუბლის გაუფასურების შემდგომ, ეტაპობრივად ბრუნდებიან, ვინაიდან ჩათვალეს, რომ ყველაზე ცუდმა პერიოდმა რუსეთისთვის გადაიარა.
რუსეთის მთავრობის პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდა 0.7% იქნება, ხოლო მომდევნო წელს 1.9%. თუმცა, ეს პროგნოზები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან თუ ნავთობზე ფასმა არ მოიმატა - ამბობს დეივიდ ჰონერი, აშშ-ის საბროკერო გიგანტის "მერილ ლინჩი"-ის ექსპერტი. „ნავთობის ფასი თუ დაეშვება, რუსეთიც დაეშვება“ - განაცხადა ჰონერმა. „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ბაზრებზე მოხდა რყევები, ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და სიტუაცია არაპროგნოზირებადი გახდეს“.
თუმცა, ჰონერი პოზიტიურადაა განწყობილი რუსული ობლიგაციების მიმართ და აღნიშნავს, რომ „მერილ ლინჩის“ თანახმად ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $50-ს მიაღწევს 2016 წლის მეორე ნახევრისთვის.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ბაზარი ელის რყევებს, რადგან ჩინეთის ეკონომიკა უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს (რაც ნავთობზე მოთხოვნას შეამცირებს).
UBS-ის სტრატეგი, მანიკ ნარაინი იმ ანალიტიკოსთა შორის ერთ-ერთია, ვინც პროგნოზირებს რუსული რუბლის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებას 2016 წლისთვის - 75 რუბლი ერთ დოლარზე.
რაც უფრო დაბალი იქნება ნავთობის ფასი, მით უფრო რთული იქნება რუბლის კურსის და რუსეთში ეკონომიკური კლიმატის წინასწარმეტყველება. „საქმე იმაშია, რომ ერთ ბარელზე $30-დან $20-მდე ვარდნა აბსოლიტურად განსხვავებულ რეაქციას გამოიწვევს მოსახლეობაში თუ შევადარებთ ერთ ბარელზე $40-დან $30-მდე ვარდნას“ - განაცხადა ნარაინმა, იგულისხმება პანიკის ეფექტი მოსახლეობასა და ბიზნეს წრეებში.
(ასისტენტ რეპორტიორი - დმიტრი ჟდანიკოვი; გრაფიკა - ვინსენტ ფლასიორი; რედაქტირება - ფილიფა ფლეჩერი)